„112“ და „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ ერთიანდება

შს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „112“ და ამავე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ ერთიანდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ორი უწყების გაერთიანებით იქმნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

„112“-ის ფუნქციად რჩება საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, დანაშაულის, სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის −112-ის საშუალებით.

გარდა ამისა “112”-ის უფლებამოსილებებს ემატება ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გახდება აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად.