15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე- აქცია-პერფორმანსი რუსთავში (+ფოტო)

“სისტემა ძალადობს მოქალაქეებზე”-ამ სახელწოდებით რუსთავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოსთან, ამ წუთებში,  აქცია  იმართება.  რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა  და ოპოზიციის წარმომადგენლებმა  15 წლის მოზარდის გარდაცვალება აქცია -პერფორმანსით გააპროტესტეს და სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანთლები დაანთეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები tv4-თან აცხადებენ,  ისინი ფატალურ შედეგს და სისტემის ძალადობას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები აქციებს მომავალშიც  აანონსებენ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში  გუშინ გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.