2020 წელს დედაქალაქის და რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება

2020 წელს თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლები ვიდეოკამერებით აღიჭურვება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ვიდეოკამერების დამონტაჟება ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში მოხდება.

განათლების სამინისტრო, საჯარო სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურის სამსახურის გაძლიერებას, ხოლო კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადებას გეგმავს.

„2020 წელს გვაქვს დაგეგმილი სკოლების კამერებით აღჭურვა და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა სკოლას. ამ ეტაპზე ჩვენ დავგეგმეთ, რომ პირველ რიგში მოვიცვათ თბილისის და დიდი ქალაქების სკოლები და მერე გადავალთ სხვა დანარჩენ სკოლებზე. ზუსტ თანხას ვერ გეტყვით, რა შეიძლება გამოვყოთ კამერების შესასყიდად. გეგმა არის ის, რომ 2020 წელს დავიწყებთ დედაქალაქის და დიდი ქალაქების აღჭურვას.

მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა. ვგეგმავთ, უზრუნველვყოთ 223 კერძო სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. 2020 წელს დავიწყებთ ამ ადამიანებისთვის გადამზადების პროცესს და ვეცდებით, წლის ბოლომდე მოვიცვათ ყველა კერძო სკოლა. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება განსაზღვროს თვითონ სკოლის ადმინისტრაციამ, შეიძლება ეს იყოს პედაგოგი ან დირექტორის მოადგილე“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ.