2020 წლიდან 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 40 თეთრი გახდება

მომავალი წლიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება და 40 თეთრი გახდება.

2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირები „112“-ის მომსახურებაში ერთნაირ საფასურს გადაიხდიან, ანუ იურიდიული პირების მიერ გადასახდელი საფასურის ოდენობაც 40 თეთრი იქნება.

„112“-ის საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა განხორციელდა.

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

ინფორმაციისთვის, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 112-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო.