N8 საჯარო სკოლას აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭება-ამის შესახებ დღეს გამართულ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკითხი შემდგომ განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.
“დღეს კომისიამ განიხილა სახელის მინიჭების საკითხი, რაც დადებითად გადაწყდა და მომდევნო საკრებულოს სხდომაზე, იმედს ვიტოვებთ, რომ მე-8 საჯარო სკოლას აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭება.ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ბოლო პერიოდში სკოლამ არაერთ წარმატებას მიაღწია. სკოლის თვითმმართველობის, უშუალოდ ბავშვების თხოვნა იყო, რომ მიგვემართა შესაბამისი პროცედურებისთვის და სკოლას მინიჭებოდა აკაკი წერეთლის სახელი”- განაცხადა მე-8 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბეგაძემ
საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის, რიგით №21 სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.