“„ჩიპის” შემცველი პირადობა აპოკალიფსს უკავშირდება”-საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში პირადობის მოწმობის გაცემის წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს.

კერძოდ,  საკონსტიტუციო სასამართლოში  მსჯელობა მიმდინარეობს, არის თუ არა კონსტიტუციური „აიდი“ ბარათების გაცემა  ე.წ. „ჩიპით“ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ „ჩიპიანი“ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მოქალაქეების, ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

მოსარჩელეების სარჩელის თანახმად,პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპი“) გარეშე მიღების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ასევე, სადავო ნორმის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ „აიდი“ ბარათები ე.წ. ჩიპის გარეშე. სასამართლოში ვარაუდობენ, რომ პირადობის გამცემ ორგანოებს გადაწყვეტილების მიღებამდე მოუწევთ შუალედური რეგულაციების მიღება გაცემის წესთან დაკავშირებით.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას.

შესაბამისად, მათივე განცხადებით, ადამიანები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ბიომეტრიული პასპორტების გაცემას ეხება.