ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ქარიშხალს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში ორ ქარიშხალს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში მძვინვარებს. ევროპის ქვეყნებს ჯერ შტორმი „ელზა“ დაატყდა თავს, რომელიც მოგვიანებით „ფაბიენმა“ ჩაანაცვლა.

ესპანეთის გალისიის რეგიონში ქარის სიჩქარე საათში 170 კილომეტრს აღწევდა. ათასობით საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეფერხდა ავიამიმოსვლა. პორტუგალიაში რკინიგზის ნაწილი დაიტბორა, შეჩერებულია მატარებლით მგზავრობა ლისაბონსა და პორტოს შორის. რკინიგზის სადგურები დაიკეტა საფრანგეთის ქალაქებში ბორდოში, ტულუზასა და ანდაიში.

შტორმმა დიდი ბრიტანეთის სამხრეთი ნაწილიც დააზარალა, სადაც ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა. ლონდონთან მდებარე ქალაქ ჩერტსიში ტორნადომ სახლები და ავტომობილები დააზიანა.

დატბორილია ვენეციაც, სადაც გასულ თვეში რეკორდული მასშტაბის წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.