ვირუსების მატება დაწყებულია-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ვირუსების მატება დაწყებულია. მისივე ინფორმაციით, დეკემბრის ბოლომდე მატების პერიოდი გაგრძელდება ,თუმცა ფართო გართულებასთან დაკავშირებით ,მოლოდინები არ არსებობს.

ამასთან, მისი თქმით, წინა წელთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ნაკლებია.

„ჯერ-ჯერობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო ავადობა, ჰოსპიტალიზაციაც გაცილებით ნაკლებია. გრიპი ჯერ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა უკვე გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი. წამყვანი არის B ტიპის ვირუსი ( ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსი).

ვირუსი ვისთან გართულდება, ადამიანზეა დამოკიდებული. სიმძიმე შეიძლება ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს. მატების ფაზაში ვართ ახლა, თუმცა ეს მატება არ არის მეტი, ვიდრე იყო შარშან“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცენტრის ხელმძღვანელმა აცრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„90 ათასი ადამიანი სახელმწიფო პროგრამით უკვე აცრილია, ხოლო კერძო სექტორში 40 ათასი ადამიანი. აცრა ყოველთვის შეიძლება, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჯობს დავამთავროთ აცრა სეზონამდე, სანამ ვირუსების პიკი იქნება. აცრას სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ აცრები უნდა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს. მე პასუხს ვაგებ სახელმწიფო პროგრამით შემოტანილ ვაქცინაზე. კერძო სექტორმა თუ ვერ გათვალა მოთხოვნა როგორი იქნებოდა, ეს უკვე მათი ბიზნესია. ვაქცინებს რაც შეეხება, ისინი იცვლება წლიდან წლამდე“,- განაცხადა იმნაძემ.