ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის თბილისის 116-ე სკოლაში. გავრცელებული ინფორმაციით, შესვენებაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს ფეხის არეში საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, დანის გამოყენების შესახებაც, თუმცა ამ ფაქტს სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს. მომხდარის გამო ,სასწავლო დაწესებულებაში პოლიციის ეკიპაჟი იყო გამოძახებული.
საჭირო გახდა ბავშვის კლინიკაში გადაყვანაც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით , ინფორმაციას ავრცელებს მანდატურის სამსახურიც. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, შესვენების დროს უფროსკლასელებმა მე-8 კლასის მოსწავლეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
“მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, მანდატური ახორციელებდა სკოლის ტერიტორიის დისტანციურ მეთვალყურეობას, რა დროსაც მან ვიდეოკამერიდან შენიშნა, რომ შესვენების დროს, დერეფანში, უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა მიიღო. მანდატურმა ინფორმაცია მყისიერად გადასცა კოლეგას, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე, მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მანდატურის სამსახურისა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გატარდა უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება. ამჟამად, ფაქტს პოლიცია სწავლობს. მე-8 კლასელი მოსწავლე ბიჭის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება,” – წერია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









