თბილისის საჯარო სკოლების შშმ, სსსმ სტატუსის მქონე და ეტლით მოსარგებლე 300-ზე მეტი მოსწავლეს სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტით მოემსახურება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ამოქმედდება და ტრანსპორტირებაში სპეციალურად გადამზადებული გამყოლებიც იქნებიან ჩართულნი.
“პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე დაგვიანებისა და გაცდენების მაჩვენებლის შემცირება და ასევე საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე, და პირიქით, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება“,- აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 1 259 790 ლარის მოცულობის ელექტრონული ტენდერი 2019 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა.









