“როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
სააგენტო იუწყება, რომ შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კუნძულ პაქსოსთან მოხდა. საზღვაო პოლიციის მიერ განხორციელებული სამაშველო სამუშაოების შედეგად, ნავზე მყოფი 21 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
სამძებრო სამუშაოები კუნძულის მიმდებარედ ამ დრომდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ნავზე მყოფთა გადასარჩენად გემებთან ერთად ვერტმფრენებიც ჩაერთო. წინასწარი ცნობით, შემთხვევის დროს ნავზე 50-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა.
საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ისინი რეგულარულად აკონტროლებენ მიგრანტთა ნავებს,რომლებიც თურქეთიდან მიცურავენ. საზღვაო კატასტროფები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ნაკლებად გავრცელებულია.
ცნობისთვის, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ზღვის გადაკვეთის გზით 74,500 მიგრანტი საბერძნეთის მიმართულებით გაემგზავრა.