პოლიციამ უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.