სახელმწიფო 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.

 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წელს აღნიშნული სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად 4 000 000 ლარი გამოყო.

2013 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების სტატისტიკა მზარდია. 2013 წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 7000-ზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა და 15 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში 2250 ლარით აფინანსებს.