სოკოს საწარმოს კომპოსტის საამქროს გადატანასთან დაკავშირებით,უწყებისთვის არ მიუმართავს

სოკოს საწარმოს ადმინისტრაციას კომპოსტის ცეხის რუსთავიდან მოშორებით გადატანასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ჯერ კიდევ არ მიუმართავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ თუ სოკოს საწარმოს მენეჯმენტს შესაბამისი ნებართვა არ ექნება, კომპოსტის ცეხის  გადატანას ვერ შეძლებენ. ნებართვის მისაღებად “თეთრი ქუდის” წარმომადგენლებმა სამინისტროს უნდა მიმართონ და შესაბამისი პროცედურები გაიარონ.

რატომ არ მიმართა “თეთრი ქუდის” ადმინისტრაციამ უწყებას, tv4-ის კითხვაზე საპასუხოდ საწარმოს დირექტორმა განაცხადა,რომ საკითხი კვლავ განხილვის ეტაპზეა და ახალი ადგილმდებარეობის რამდენიმე სავარაუდო ვარიანტზე მსჯელობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რენატო გრიგორიანმა წარმოების ადგილმდებარეობის შეცვლის პერიოდად 2020 წლის მაისი-ივნისი დაასახელა.  სოკოს საწარმოს ხელმძღვანელობამ, კომპოსტის ცეხის ქალაქიდან მოშორებით გადატანასთან დაკავშირებით, რუსთავის მერს წერილობით გასული წლის დეკემბერში მიმართა.