სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში დაგეგმილი აფეთქებით 2 პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთა. საქმეზე თბილისსა და ბათუმში დაკავებულია 6 პირი. სუს-ის ცნობით, ოპერაცია უკრაინის კონტრტერიროსტულ სამსახურთან თანამშრომლობით ჩაატარეს.
საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, უკრაინაში თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის განზრახ მკვლელობა დაიგეგმა . გამოძიების ინფორმაციით,ბრალდებულების ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი უკრაინის მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელიც ვითარების შესასწავლად თბილისში გამოგზავნა.
საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს ,სსკ-ის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.