ბაღდადში სარაკეტო თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც გასამხედროებული დაჯგუფებების 5 წევრისა და 2 „სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.         კატიუშას ტიპის სამი რაკეტა სატვირთო ტერმინალთან ახლოს დაეცა და ორი ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც მათი ხუთი წევრი და ორი „მნიშვნელოვანი სტუმარი“ დაიღუპა.

ადგილობრივი პოლიციისა და ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით კი გარდაცვლილია სულ მცირე 5 და დაჭრილია 9 ადამიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.

შეგახსენებთ, ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქათაიბ ჰეზბოლას“ ბაზებზე მიტანილი ავიაიერიშის გამო, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები სამშაბათს ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყში ირანელი გენერლის მკვლელობას „საერთაშორისო ტერორიზმის აქტს“ უწოდებს.  მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, გაიძვერული ავანტიურიზმის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ეკისრება.

„აშშ-ის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი – გენერალ სოლეიმანის მკვლელობა ყველაზე ეფექტური ძალა დაეშის, ალ-ნუსრას, ალ-ყაიდას წინააღმდეგ უკიდურესად სახიფათო და სულელური ესკალაციაა. გაიძვერული ავანტიურიზმის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ეკისრება“, – დაწერა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სოციალურ ქსელში.

ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

სოლეიმანი ირანის ელიტურ „ქუდსის“ ძალებს ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთში. სამხედრო ექსპერტები ყასემ სოლეიმანს სირიაში ბაშარ ასადის ომის მთავარ არქიტექტორს, ერაყის კონფლიქტის და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ლიდერს უწოდებენ.