გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა მედიასაშუალებაში სოფელ მზიანეთში მოწყობილი სკვერის ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ეხმაურება. ფოტოები,რომლებიც თავდაპირველად გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“ გაავრცელა და შემდგომ სხვადასხვა მედიაში მოხვდა, მუნიციპალიტეტის ცნობით ,არასწორი რაკურსით, გამიზნულად არის გადაღებული.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში ,სოფელ მზიანეთისთვის გამოყოფილი თანხებით და კვლავ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, სკვერის მიმდებარედ, რეკრეაციული ზონა მოეწყობა.
Tv4 მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ევრონაცების მორიგი ტყუილი-სოციალურ ქსელში -ე.წ. გვერდის – „ჩემი ქალაქი კლავს“ მიერ გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია სოფელ მზიანეთში მდებარე სკვერი. ფოტოები დასათაურებულია შემდეგი ტექსტით – „სად მიდის ჩვენი ფულები“.
ფოტოების ავტორს აღნიშნული სკვერი მისთვის სასურველი რაკურსით აქვს გადაღებული, სადაც არ ჩანს დასახლებული პუნქტი და შესაბამისად არც საცხოვრებელი სახლები.
მოსასვენებელი სკვერი 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მზიანეთის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა და ადგილმდებარეობაც მათი გადაწყვეტილებით შეირჩა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 20 მეტრში მდებარეობს.აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არსებობს შესაბამისი კრების ოქმებიც.
2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში აღნიშნულ სივრცეზე – დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ბალახის საფარი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და ტრენაჟორები. 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სოფელ მზიანეთისთვის გამოყოფილი თანხებით და კვლავ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით სკვერის მიმდებარედ, მოეწყობა რეკრეაციული ზონა.
ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს დამატებით გამოიყოფა გარკვეული თანხა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება კომბინირებული მინი სტადიონი.
სკვერის რეალური ადგილმდებარეობის, კრების ოქმებისა და ვიზუალური ნაწილის შესახებ გთავაზობთ თანდართულ ფოტო-მასალას“‘-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.