BBC-ის ცნობით,ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.
გამოცემა ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-ს აღწევს, ხოლო ახალი ინფექციების შემთხვევები გაორმაგდა.კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4 515-ს აღწევს.
ჩინეთის ქალაქებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა, ასევე შეზღუდვებია სატრანსპორტო გადაადგილებაზე.
რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას და რა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს შესაბამისმა უწყებებმა-ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ფრენები აიკრძალება და ქალაქ ვუჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.
მინისტრის თქმით, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებშია ჩართული.
“ფრენები აიკრძალება. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება, დღის მეორე ნახევრიდან ჩვენ გვექნება შეხვედრა სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს”,- განაცხადა ტიკარაძემ.
დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით, საქართველო დაბალი რისკის ზონაა, თუმცა მზადყოფნის აუცილებლობა არსებობს.
გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო სკრინინგს თერმული სკრინინგი დაემატა.
“მიუხედავად იმისა, რომ დაბალი რისკის ზონა ვართ, მაინც აუცილებელია, რომ მზადყოფნა იყოს. შესაბამისად გადაიდგა ის ნაბიჯები, რომელიც პირველ აუცილებლობას წარმოადგენს. ეს არის პირველი საინფორმაციო კამპანია. საინფორმაციო სკრინინგს დაემატა თერმული სკრინინგი, ანუ ყველა ჩინეთიდან შემოსულ ადამიანს აეროპორტში თუ სახმელეთო საზღვარზე დისტანციურად ესინჯებათ ტემპერატურა”,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ გერმანია ახალი ტიპის კორონავირუსის პირველ შემთხვევას ადასტურებს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ვირუსის პირველი შემთხვევა ბავარიაში დაფიქსირდა და ის ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა. ვირუსი უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.