საქართველოში, ერთი კვირის განმავლობაში, გრიპის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მცირედით იკლო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გასული კვირის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემით, რომელიც გასული კვირის მაჩვენებლებს ასახავს, საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 216-ია. წინა კვირაში კი, 100 ათას მოსახლეზე 219 შემთხვევა დაფიქსირდა.
წინა წელთან შედარებით, გრიპის სეზონის მიმდინარეობა შედარებით უფრო მშვიდია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდში.
ამჟამად, ლაბორატორიულად 66 პროცენტი „ბე“ ტიპის ვირუსებზე მოდის, შემდეგია „ა“ ტიპის ვირუსები, მათ შორის H3 ისე H1.
„ასევე ცირკულირებს სხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები. დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინაცია, როგორც გრიპის პროფილაქტიკისთვის ყველაზე ეფექტიანი პრევენციული საშუალება, ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფის 97 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა. ნებაყოფლობით კერძო სექტორის მიერ აცრილია დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანია. საერთო ჯამში 2.5-3-ჯერ მეტი ადამიანი ავცერით, ვიდრე გასულ წელს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
გამყრელიძე ხაზს უსვამს ბაგა-ბაღების აღმზრდელების აცრის მნიშვნელობას. მისივე თქმით, ამ ჯგუფში აიცრა დაახლოებით 17 ათასი ადამიანი, რაც თავის მხრივ ბაღებში გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს შეამცირებს, რაც გავრცელების პრევენციის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე ინფორმაციით, წელს პირველად აიცრა დიაბეტით დაავადებული 19 ათასი ადამიანი და 29 ათასამდე სამედიცინო პერსონალი.