დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,მიმდინარე წლის იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.
“გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 191 შეადგინა, წინა კვირაში კი, 312 შემთხვევა იყო” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ.
მისივე ცნობით, ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3 პროცენტით არის მომატებული. კერძოდ,თუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჰოსპიტალიზების საერთო რაოდენობაში სეზონური ვირუსის გართულებაზე 19 % მოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 22 %-ია.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება. ჯერ-ჯერობით ეპიდემიური ზღვარისგან შორს ვართ. დეკემბრის ბოლო სამი კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების სიმპტომებით მიმართვიანობისა და ახალი შემთხვევების მზარდი რიცხვით.
იანვრის პირველი კვირის მონაცემებით კი, მიმართვიანობამ იკლო. დღევანდელი ციფრი გახლავთ 191 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. თუ წინა კვირაში, ანუ დეკემბრის ბოლო კვირაში ჩვენ გვქონდა 312, ახლა გახლავთ 191, რაც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან მიმართებაში, ასევე 2019 წლის პირველ კვირასთან მიმართებაში.
ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 3%-ითაა მომატებული.
თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19 %, ახლა გვაქვს 22 % ,თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში.
ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომაც არის რომ ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის 80 %-ში ცირკულირებს „ბე“ ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10 %-ია „ა“ ტიპის „ეიჩ ერთი“, დანარჩენი 10 % კი, რინო ვირუსზე მოდის.