რუსთავში სეზონური გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცილებით დაბალია. ინფორმაცია “ტვ4-ს” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა მიაწოდა.
“ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გრიპის ვირუსის ეპიდემიოლოგიურ ზღვართან მიახლოებული არ ვართ და არც პაციენტთა სტაციონალიზაციის პრობლემები გვაქვს”,- აცხადებს დავით ბეგაშვილი.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, შესაბამისი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 20 დეკემბრიდან სეზონური გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. თუმცა სიტუაცია ამ დროისთვის საგანგაშო არ არის და არც პანიკის საფუძველი არსებობს. მისივე განცხადებით, სპეციალისტები სეზონური გრიპის მატების კიდევ ერთ ტალღას თებერვალ-მარტში ელოდებიან.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინა შემოტანილია და რეკომენდაციის სახით რისკ -ჯგუფებში მყოფ მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დავით ბეგაშვილის თქმით, სეზონური გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით, აცრების ჩატარების შემთხვევები წელს მინიმუმ 2-ჯერ გაზრდილია.