დაავადებათა კონტროლის ცენტრი-გრიპის ვირუსის გამო,სასწავლო პროცესის შეჩერების საჭიროება არ დგას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებელი არ ქმნის იმის საჭიროებას, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით,გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება, სეზონური ვირუსის მიმდინარეობიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„დღეს, დილის სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა რეკომენდაციას. მდგომარეობა არ გახლავთ ისეთი, რომ სასწავლო პროცესი გადაიდოს ან არდადეგები გახანგრძლივდეს. დავაკვირდეთ მიმდინარეობას. გრიპის სეზონი ქვეყანაში დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და ამისდა მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ბაღებსაც ეხება ეს და სკოლებსაც.

ბაღებთან მიმართებით, ჩვენ უკეთესად ვართ დაცულნი, რადგანაც წელს ბაგა-ბაღის დაახლოებით 14 ათასამდე აღმზრდელი აიცრა და ნაკლებია ბავშვებისთვის ინფექციის ბაგა-ბაღებში მიტანის შანსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.