“ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება.
გიორგი გახარიამ კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან, გარდაბანში “გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის” გახსნაზე გააკეთა.
„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
ამასთან, გარდაბანში პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან , ოკუპაციასთან დაკავშირებით,დასმული კითხვის საპასუხოდაც გააკეთა კომენტარი.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მშვიდობა და მოლაპარაკება, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს.”-განაცხადა პრემიერმა.
მედიის წარმომადგენლების ერთ-ერთი კითხვა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შოთაძე ღირსეული ადამიანი და პროფესიონალია.
“მთავარი გენერალური პროკურორის კანდიდატს საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს, იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია, მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი ღირსეული ადამიანი და ღირსეული პროფესიონალია. მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობების აღება,” – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება NDI-ის კვლევებს, გიორგი გახარიას განცხადებით ,კვლევები პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა.
“გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევა გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა,ამიტომ, ამ კვლევებთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია გარდა იმისა, რომ საბოლოო განაჩენს მაინც ამომრჩეველი გამოიტანს და დაველოდოთ არჩევნებს” – განაცხადა პრემიერმა კვლევების შედეგების შეფასებისას.
გარდაბანში დღეს ,უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე – „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.