დავით მუმლაძის მკვლელობის საქმე-სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ იმსჯელეს.

სასამართლომ პროკურატურის შუამგდომლობა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა და  ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი, დავით მიროტაძე, მიხეილ ღუბიანური, დიმიტრი დუღაშვილი, ასევე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილი  პატიმრობაში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ არცერთი პირი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატების განცხადებით, სახელმწიფო ბრალმდებელს მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულება ფიგურირებს და მკვლელობის ადგილიც იდენტიფიცირებულია. პროკურორი იმასაც აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში მკვლელობის იარაღი ამოღებული არ არის.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი  პირი 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ძებნილი ზურაბ ჯღარკავა კი, პოლიციამ 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, მდინარის პირას დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ჯღარკავა სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და მკვლელობა ედებათ ბრალად. შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მაშინდელი თანამშრომლები დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანური, ასევე ყოფილი სამართალდამცავი დიმიტრი დუღაშვილი ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში არიან ბრალდებული, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წარდგენილი.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს გასული წლის პირველი ოქტომბრიდან ეძებდა.ც