პენტაგონის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს გაგზავნის. მათივე ცნობით ბრიგადა ქუვეითში ჩაფრინდება.
3 იანვარს დილით ამერიკის შეერთებულმა შტატება ერაყში საჰაერო თავდასხმის დროს ირანის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, სპეციალური დანიშნულების რაზმის „ალ ყუდსის ძალების“ სარდალი ყასემ სულეიმანი მოკლა. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა ორ ავტომანქანაზე განხორციელდა, შემთხვევას ათამდე პირი ემსხვერპლა.
ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალიმ საჯარო პირობა დადო, რომ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის შურის იძიებს. მან ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ერაყში ამერიკის ჯარის ყოფნის პირობების დარღვევაში დასდო ბრალი.
აღსანიშნავია, რომ ყასემ სულეიმანის მკვლელობას 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ირანის მხარდამჭერების თავდასხმის მცდელობა უძღოდა წინ. რა დროსაც ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ამისთვის პასუხს აგებდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამ ოპერაციით ამერიკამ თავიდან გარდაუვალი თავდასხმა აიცილა და ამით ევროპელი ხალხის სიცოცხლეც გადაარჩინა. პენტაგონში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ამერიკის სამხედრო ოპერაცია პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა.
3 იანვარს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სულეიმანი ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედრო პერსონალზე თავდასხმებს გეგმავდა. ტრამპის განცხადებით, ყასემ სოლეიმანი ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს.
„გასულ ღამეს ვმოქმედებდით ომის შესაჩერებლად, ჩვენ ეს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ომის დასაწყებად“,-აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და აღნიშნა: “ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა. თუმცა უწყება მუშაობს იმ ქართველებთან, რომელთა შესახებაც არსებობს ინფორმაცია და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ყველა მათგანი გაფრთხილებულია.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა თავის მოქალაქეებს ერაყსა და ირანში მოგზაურობაზე თავი შეკავებისკენ მოუწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ამერიკის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.









