დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა წეროვანში. გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ესწრებოდა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მან აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაში დიდი წვლილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის, რისთვისაც აშშ-ს მთავრობასა და ელჩს მადლობა გადაუხადა.

„დღეს აღვნიშნავთ სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას. სიმბოლურია, რომ ეს ცენტრი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით გაიხსნა და რისთვისაც მინდა, რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს.

აშშ-ს წვლილი დაახლოებით 4 მილიონ 500 ათასი დოლარია და ასევე, საქართველოს მხარემ მილიონი ლარი დახარჯა იმისთვის რომ ეს ყველაფერი აგვეღჭურვა შესაბამისად, უმაღლეს დონეზე.

ყველაფერი ეს კეთდება ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობისთვის, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს პირველ რიგში, თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფომ, რომელის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ იწვნია, თუ რას ნიშნავს ჯარისკაცები, რომლებიც პირდაპირ საომარ მოქმედებებში არიან ჩართულები და განსაკუთრებით სახელმწიფოსთვის, რომლის ჯარისკაცები დღეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო მისიებში იღებენ მონაწილეობას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.