დღეს ქართული თეატრის დღეა

დღეს ქართული თეატრის დღეა.  თეატრალების პროფესიული დღის აღნიშვნა სათავეს   1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის თაოსნობით  სპექტაკლის „გაყრა“ დადგმას უკავშირდება,რომელმაც ქართულ პროფესიულ თეატრს დაუდო საფუძველი.

იმ დროისთვის ერთადერთი წარმოდგენა, გიორგი ერისთავმა ქართული არისტროკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის თანხმობით დადგა. პიესის ავტორი და რეჟისორი თავად გიორგი ერისთავი გახლდათ და სპექტაკლში ერთ -ერთ პერსონაჟის,  „სომეხი ვაჭრის“  როლს ასრულებდა.

1850 წელს ისტორიკოსები წერდნენ , რომ ქართულ  თეატრს ჩაეყარა საფუძველი ,რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია.

ქართველი პროფესორის თქმით, იმ ხანებში ეროვნული თეატრის აღორძინებას ქართველი ხალხის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა, თეატრალურ დასს უმძიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა და მძიმე ცენზურის ქვეშ მოექცნენ. ამას კი შედეგად მოჰყვა ის, რომ გახსნიდან მეექვსე წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართველ დრამატურგთა პიესებს, მხოლოდ მოყვარული თეატრალები დგამდნენ.

თბილისში ქართული პროფესიული თეატრი, საზოგადო მოღვაწეების, მწერალ ილია ჭავჭავაძისა და პოეტ აკაკი წერეთლის წყალობით აღორძინდა. 1879 წელს ილიას და აკაკის ხელმძღვანელობით, თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა, ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. ერთი წლის შემდეგ დრამატული თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა. ამ პერიოდში ქართული დრამატული თეატრების სცენებზე გამოჩნდნენ ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები, (ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, ნატო გაბუნია, მაკო საფაროვა-აბაშიძე , კოტე ყიფიანი , კოტე მესხი, ვალერიან გუნია) რომლებმაც ქართული თეატრალური ხელოვნება მაღალ დონეზე აიყვანეს.

ამ პერიოდში ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში განვითარდა გმირულ-რომანტიკული და რეალისტურ-კომედიური მიმართულებები. პარალელურად ქართული თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა უცხოური კლასიკური დრამატურგიის ნიმუშები. ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.

 

რუსთავის თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში 1976 წლიდან ჩნდება.  ამავე წლის 30 ნოემბერს გიგა ლორთქიფანიძის უშუალო თაოსნობით ინდუსტრიულ ქალაქში თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. რუსთავის თეატრს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.