„საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი”, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა“, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული – ს.რ. დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო აწარმოებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.