შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა წარადგინა, რომლებიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის” ქარხანაში, საქართველოს რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო.
უწყების განმარტებით, ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთია აღჭურვილი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი და ქაფის 300-ლიტრიანი ავზი. ავტომანქანებში დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, რომლებიც სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა. „მაგირუსის” სახანძრო ტექნიკა განთავსებულია „ივეკოს” ფირმის საავტომობილო შასზე.
ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.
ამავე ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 მეხანძრე-მაშველი სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაში გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.