მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც პარლამენტში არ შეუშვეს შეუძლოდ გახდა

 სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლა სურდა, თუმცა დაცვამ ის არ შეუშვა, რის გამოც შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

მაჩალიკაშვილმა შემთხვევამდე, დაცვის წევრებს მიმართა და განაცხადა,რომ პარლამენტარებთან კითხვის დასმა სურდა. 

“მე, უბრალოდ, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამ პარლამენტში არიან ის ადამიანები, ვისაც შერჩათ ნამუსი ან სინდისი. თუ გააჩნიათ ერთი გრამი ნატამალი სინდის-ნამუსის, უბრალოდ, მინდა შევხვდე ამ პარლამენტარებს და დავუსვა კითხვა, რატომ არის ბავშვი თავის საწოლში მოკლული, როცა ბავშვი არ არის არცერთხელ დაკითხული, როცა ბავშვს არ აქვს არცერთი ჩვენება ჩამორთმეული”.-განაცხადა მაჩალიკაშვილმა 

მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად ცდილობდა, თუმცა დაცვა მხოლოდ დეპუტატის შეშვებას დათანხმდა. 

მაჩალიკაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. 

როგორც ცნობილი ხდება, მაჩალიკაშვილი და თინა ბოკუჩავა  ბირფინგის გამართვას აპირებდნენ, რომ პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოეთხოვათ.

გუშინ, 28 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა.