ვარკეთილში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს ბრალი დაუმძიმდა-ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.როგორც ცნობილი ხდება, მას გამოძიება ჯგუფურ ძალადობასაც ედავება.
„გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე, ზ.ფ.-ს ბრალის დაზუსტების შედეგად დაუმძიმდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ზ.ფ. გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ამავე საქმეზე, 2020 წლის 8 იანვარს, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. დღეს მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დღესვე, თბილისის პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ვ.ბ.-ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 26 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 40 წლის ვახტანგ ბურძენიძე, რომელიც ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტში სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად მონაწილეობდა.