24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა.ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
“განათლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, საზოგადოებრივი სიკეთე და პასუხისმგებლობა.”-ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
2018 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, როგორც გლობალური მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მთავარი საფუძველი.
იუნესკო მთავრობებს ხარისხიანი განათლების სისტემების შექმნისკენ და ამ მხრივ პოლიტიკური ვალდებულებების გაზრდისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ეს უკანასკნელი უნდა იქცეს პრიორიტეტად, როგორც მდგრადი განვითარების მიზნებამდე მისასვლელი მთავარი გზა.
2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 262 მილიონი ბავშვი და ახალგაზრდა სკოლაში არ დადის და განათლებას არ იღებს. 617 მილიონ ბავშვსა და მოზარდს არ შეუძლია წერა-კითხვა და არ იცის ელემენტარული მათემატიკა.
აფრიკაში, საჰარას სამხრეთით გოგონების 40%-ზე ნაკლებმა სკოლა ადრეულ ასაკში დატოვა და საბოლოოდ, 4 მილიონზე მეტი ბავშვი სკოლის გარეშეა, რაც მათი უფლებების დარღვევაა.
იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტისა და გლობალური განათლების მონიტორინგის ანგარიშის შედეგები განათლების უთანასწორობას ცხადყოფს და ხაზს უსვამს მის კატასტროფულ მდგომარეობას:
დაბალშემოსავლიან ქვეყნებში დაწყებით განათლებას ბავშვების ½-ზე ნაკლები იღებს;
ხოლო, ¼-ზე ნაკლები სკოლას საშუალო საფეხურზე ტოვებს;
1/10-ზე ნაკლები კი საბაზისო განათლებას იღებს;
ორჯერ მეტია სკოლის გარეთ დარჩენილ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ;
ღარიბ ქვეყნებში გოგონათა მხოლოდ 2% იღებს სრულ განათლებას.
ეს მონაცემები მსოფლიოში განათლების მკვეთრ უთანასწორობაზე მიგვანიშნებს.







