ოჯახში სამი და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ

ოჯახში სამი და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ -ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის შედეგებში წერია. დოკუმენტი თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს.

როგორც კომიტეტის წევრი, დეპუტატი გიორგი ხატიძე აღნიშნავს,  ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ გამოთქმულია მოსაზრება, ხომ არ არის მიზანშეწონილი სამი ან მეტი ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება, რაზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის წასახალისებლად ბევრი ინიციატივა განხორციელდა და კიდევ არაერთი იგეგმება, თუმცა აუცილებელია მეტი სითამამე და ინოვაციური, თუ ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება.

კვლევის ავტორების შეფასებით, არსებობს ახალი ინიციატივები, რომლებიც მეტ მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი, მოსაკრებლის დაწესებაა. კერძოდ, ერთ ოჯახში სამი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა შესაძლოა, დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს. გარდა ამისა, ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა და მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით.