პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე პლენარულ სხდომას არ დასწრებია და არც აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.
ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.
პარლამენტმა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.