პროფესიული განათლების დიპლომი ევროსაბჭოს დირექტივების შესაბამისი გახდა

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შემუშავდა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივებთან შესაბამისობაში მოდის .

განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრის ცნობით,  დანართი დიპლომის/სერტიფიკატის დანამატ დოკუმენტს წარმოადგენს და მასში დეტალურად არის აღწერილი პროფესიული განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ გამომუშავებული უნარები და კომპეტენციები. 

„დოკუმენტის შინაარსის ერთიანი გაგების უზრუნველსაყოფად, სერტიფიკატის დანართის ფორმის შევსებისას აუცილებელია შევსების წესების დაცვა. პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის შევსების პრინციპებთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები. შეხვედრაზე დამსწრე პირებს დიპლომის დანართის შევსების თაობაზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია“, – აცხადებენ ხარისხის ცენტრში.