რა ვითარებაა გუდაურსა და ბაკურიანში-მინისტრის კომენტარი

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა  იმ დასახლებებში შეიქმნა, რომლებიც სათავე ნაგებობების დონეზე მაღლა მდებარეობს.

მაია ცქიტიშვილმა კურორტებზე წყლის პრობლემასთან დაკავშირებით კომენტარი , გუდაურში გააკეთა,სადაც ვითარების გასაცნობად იმყოფება.

მინისტრის თქმით, გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მხოლოდ „რედკოს დასახლებას“ ჰქონდა.

„დანარჩენი გუდაური მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მარაგდებოდა წყლით. შესაბამისად, დამსვენებლები სარგებლობდნენ ყველა იმ ინფრასტრუქტურით და ისვენებდნენ გუდაურში. რაც შეეხება ბაკურიანს, ბაკურიანშიც გვაქვს პრობლემა ასევე მხოლოდ ორ ქუჩაზე, აღმაშენებლისა და წაქაძის ქუჩებზე, სადაც ასევე სასტუმრო „მგზავრები“, „პანორამა“ და კიდევ 20 საოჯახო სასტუმროა. ​ბაკურიანშიც მიმდინარეობს ახლა სამუშაოები“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრი ამბობს,რომ  პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო ამინდია.

„გამორჩეულად მშრალი შემოდგომა გვქონდა, ხედავთ, რომ არ გვაქვს თოვლი და ნალექი. ეს ყველაფერი აისახება წყლის მოცულობაზე. პიკურ სეზონზე, როგორიც არის ახალი წელი, გუდაურში, ასევე ბაკურიანში, წყლის მოხმარება რამდენჯერმე იზრდება, ამიტომ დაკლებული წყლის მარაგი ვერ აკმაყოფილებს ამ მოცულობას.

შესაბამისად, გუდაურშიც და ბაკურიანშიც პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლებიც მდებარეობდა სათავე ნაგებობების დონეზე მაღლა და დაკლებული წნევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონოდა ასეთი ტიპის დასახლებას. სამწუხაროდ, ეს არის ტექნიკური პასუხი, თუმცა არის ის რეალობა, რომელიც ამ სისტემაში შეიქმნა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გუდაურში, „რედკოში“ წყალმომარაგება უკვე აღდგენილია.