რა შედეგებია შრომის უსაფრთხოების კუთხით?!

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, ინსპექტირების შედეგად 502-დან 127-მა კომპანიამ დარღვევები სრულად გამოასწორა, ხოლო 200-ზე მეტი დაჯარიმდა.

გასული წლის ანალოგიურ პედიოდთან შედარებით, გარდაცვალების მაჩვენებელი – 35%-ით, ხოლო დაშავებულთა სტატისტიკა 20%-ით შემცირდა.

„რეალურად, კანონი რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, თუმცა ყველა ეკონომიკურ სექტორზე 1 სექტემბრიდან გავრცელდა. ამ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით შემოწმებულია 502 ობიექტი, ხოლო 1200-ზე მეტი ინსპექტირება არის განხორციელებული ჩვენ მიერ. გარდა ამისა, ჩვენ ზედამხედველობას და რეაგირებას ვახორციელებთ იძულებით შრომაზე და შრომით ექსპლოატაციაზე. ამ მიზნით, 125 კომპანიის შემოწმება განხორციელდა. გარდა ამისა, შრომის უფლებების მიმართულებით განხორციელდა 150 ინსპექტირება სხვადასხვა სექტორულ მიმართულებაში. ჯამში, მიმდინარე წელს 1500-ზე მეტი ინსპექტირება განხორციელდა. რაც შეეხება შედეგებს – წელს სტატისტიკურად დაღუპულების მაჩვენებელი შემცირებულია 35%-ით, ხოლო 20%-მდე არის შემცირებული დაშავებულთა რაოდენობა. მოკლე პერიოდში რისი განხორციელებაც შესაძლებელი იყო, გაკეთდა და ეს სტატისტიკაზეც მეტყველებს“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია 14 ათას ლარამდე დაჯარიმდა,ზოგიერთი კი – 50 ათასი ლარით.