რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის, რომელიც 2020 წელს ამოქმედდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. 

საუბარია, სესხის გამცემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა.

კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული, მისო-ს და სესხის გამცემ სუბიექტს 1-ლი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.