რუსთავის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჭანტურიას სასამართლო სხდომა გაიმართა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდებული გიორგი ჭანტურია, ახალ ადვოკატთან – ვასილ მამულაშვილთან ერთად გამოცხადდა.

სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა, მოსამართლე მადონა მაისურაძეს, საქმის მასალების გასაცნობად ორთვიანი ვადის მიცემა და პროცესის ამ დროით გადადება სთხოვა. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალები 16 ტომია, ასევე არის უამრავი ვიდეოფაილი სანახავი და გონივრული ვადა სჭირდება იმისთვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები სრულფასოვნად დაიცვას.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და შემდეგი სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღად 29 იანვარი განსაზღვრა, რასაც ადვოკატის და თავად გიორგი ჭანტურიას მხრიდან მასთან შეკამათება მოყვა.

მოგვიანებით ვასილ მამულაშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის საკითხი დააყენა, რაც მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მას ეჭვი აქვს, რომ ადვოკატის რამდენჯერმე შეცვლით, ბრალდებული შეგნებულად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, 2018 წლის 15 იანვარს, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლული ნახეს. პროკურატურამ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი ჭანტურია, იმავე წლის აგვისტოში რუსთავში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავა, ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ამოიღეს.