რუსთავის სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული აზერბაიჯანის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის  ინფორმაციით,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა , 1269,794 გრ. ნივთიერება „ADB-FUBINACA“, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერების ნაწილი რუსთავში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის, ხოლო ნაწილი მისივე მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს.

„სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 96,2421 გრ. ნარკოტიკული საშუალება “მდმა“, (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 1,5381 გრ. ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინი”, რაც ამოღებული იქნა ბრალდებულის პირადი და მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

სამართალდამცველებმა ჰ.გ. 2019 წლის 29 ივლისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში