რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ ინტერუწყებრივი ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ქალაქ რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ  ინტერუწყებრივ  ჯგუფს ქმნის,რომლის ინიცატორი პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძეა.

როგორც ცნობილი ხდება, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ყველა ის უწყება შევა, რომელიც რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება. სამუშაო ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს. მუშაობის პროცესში ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლებაც.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის,პაატა მხეიძის ინფორმაციით,  ჯგუფი აქცენტებს ქალაქში არსებულ მთავარ პრობლემებზე გააკეთებს, კერძოდ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში რუსთავში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგავრების გზები განიხილება. აქტიურად გაგრძელდება მსჯელობა და მუშაობა ჰაერის დამაბიძნურებელი საწარმოებისთვის სანქციების გამკაცრების საკითხზე. დეპუტატის ცნობით,ერთ -ერთი მთავარი საკითხი იქნება  რუსთავში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, ჯგუფი პირველ შეხვედრას იანვრის ბოლო კვირაში გამართავს.

„ჯგუფის მუშაობაში, კომიტეტის წევრების გარდა, ჩაერთვებიან რუსთავის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ინტერუწყებრივი ჯგუფი პირველ შეხვედრას იანვრის ბოლო კვირაში გამართავს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.