ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რუსთავში დღეს შემოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა. “მაგირუსის” ფირმის სახანძრო ტექნიკა რუსთავის სამმართველოს ოფიციალურად გადაეცა.

30-ვე ავტომანქანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს უკვე ემსახურება.

ავტომობილების საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ტექნიკის სახანძრო-სამაშველო პროცესში ჩართვამდე, მეხანძრე-მაშველებმა ახალ ავტომობილებთან მუშაობის და მართვის სპეციალური სწავლება გაიარეს. სწავლებას გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
30-სახანძრო ავტომანქანა საქართველოში 2019 წლის ბოლოს ჩამოვიდა.

“მაგირუსის” ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა. “მაგირუსის” სახანძრო ტექნიკა განთავსებულია “ივეკოს” ფირმის საავტომობილო შასზე.

ახალი ავტომობილები მეხანძრე-მაშველებს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროს დავით სუხიშვილთან ერთად გადასცა.

გარდა ამისა, დაგეგმილია ფორდ კარგოს მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანების გადანაწილება რეგიონებში. ეს მუნიციპალური სპეც-ტექნიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოდან გამოთავისუფლდა. უახლოეს მომავალში, მოხდება მათი სრული ტექნიკურ-ვიზუალური განახლება და 24 ავტომანქანა შემდეგ რეგიონებს გადაეცემა – აჭარა – 3, გურია – 2, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – 1, შიდა ქართლი – 3, იმერეთი – 3, ქვემო ქართლი – 4, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 3.