მიმდინარე წლის იანვრიდან რუსთავში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახდა. ცვლილება თვითმმართველ ქალაქებში განხორციელდა.
ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.
ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა სემეკ-ში.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, თვითმმართველ ქალაქებში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი ლიცენზიანტი კომპანიების მიერ სემეკ-სთვის წარდგენილი ანგარიშების მიხედვით განისაზღვრა.
სემეკ-ში განმარტავენ, რომ ახალი აბონენტის ქსელზე მიერთების საფასური სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებას 300 მეტრის რადიუსში მოიცავს.
„ჩვენი ლიცენზიანტები პერიოდულად გვიგზავნიან ინფორმაციას მომსახურების ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ. თანხის რაოდენობაც ამ ანგარიშების მიხედვით განისაზღვრა. მათი შესწავლის შედეგად აშკარა იყო, რომ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ინფრასტრუქტურა საკმაოდ მჭიდროდ არის განთავსებული, საჭიროა ძვირად ღირებული სამუშაოების განხორციელება. რომ არ გაგვეზარდა მიწოდების ტარიფი, მოვახდინეთ ხარჯების მიერთების საფასურის ტარიფში ასახვა და გათვალისწინება იმ ზონებზე, რა ზონებიდანაც არის ეს ხარჯები გამოწვეული“, – აცხადებს ვანო მეჭურჭლიშვილი.
ამასთან, მისი თქმით, მიერთების მომსახურების დაგვიანების შემთხვევაში, საფასური განახევრდება.
„ჩვენ კონტროლიდან გამომდინარე გვაქვს დადგენილი ძალიან მაღალი სტანდარტი, რაც გულისხმობს საფასურის 50 პროცენტით განახევრებას, თუ მომსახურება დროულად არ მოხდა.“, – აღნიშნა ვანო მეჭურჭლიშვილმა.
საფასურის გაორმაგება არ ეხებათ აბონენტებს, რომლებმაც მიერთებაზე განცხადება გასულ 2019 წელს გააკეთეს.
ტარიფის ზრდა თბილისს, ქუთაისს, ფოთს, ბათუმს და რუსთავს შეეხო.