სასამართლომ ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებული დედა გაათავისუფლა

ხელვაჩაურის სასამართლომ ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დამნაშავედ სცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ დაკავებულს  4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც პირობით გამოსაცდელ ვადად ჩაეთვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 2018 წლის თებერვალში მოხდა – 20 წლის გოგომ სახლში იმშობიარა.

გამოძიების ვერსიით, საძინებელ ოთახში „მშობიარობის შემდეგ უმალვე კისრის ორგანოებზე დაწოლით მან განზრახ მოკლა მამრობითი სქესის ახალშობილი…“ – აღნიშნულია განაჩენში.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული, რომელიც ადრე არ არის ნასამართლევი, აღიარებს, ინანიებს და მძიმედ განიცდის ჩადენილ დანაშაულს, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას,“ – წერია განაჩენში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარე სასჯელის ნაწილში განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

 

 

 

წყარო: ბათუმელები