თბილისის საქალაქო სასამართლომ “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჯაფარიძეს სახდელის სახედ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შეგახსენებთ, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დააკავეს.
გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, იგი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.ჯაფარიძის თქმით, ის აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
“ყალბი ჩვენებები იყო პოლიციელების მხრიდან, გაყალბებული იყო თვითონ პატაკი. 13 კაცზე ერთი და იგივე პატაკია დაწერილი, ჩემს შემთხვევაში და ჩვენი მმართველი საბჭოს წევრის, იმედა კლდიაშვილის შემთხვევაში, პატაკის მხოლოდ პირველი გვერდი იყო გამოცვლილი. მოვისმინეთ ბევრი ტყუილი პოლიციელების მხრიდან და როდესაც მოსამართლე გასული იყო გადაწყვეტილების მისაღებად და პოლიციელებს ველაპარაკებოდით, აღიარეს რომ იტყუებოდნენ. ჩემს შემთხვევაში, საერთოდ გაუგებარია რატომ დამაკისრეს ჯარიმა, საერთოდ არ დამიმტკიცდა ის, რაზეც საუბარი იყო იმიტომ, რომ დაავიწყდათ სამართალდამრღვევ ოქმში იმის ჩაწერა, რომ მონაწილეობას ვიღებდი პიკეტირებაში და ამიტომ, საერთოდ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი. დანაშაული არ ჩამიდენია, მეტაკნენ და მაკავებდნენ და ამიტომ გავუწიე წინააღმდეგობა და რატომ გაგვიწიეო”,- განაცხადა ჯაფარიძემ.