საქართველოს მოქალაქე აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ქალი შეიყვანეს. ის და მისი მცირეწლოვანი შვილი  დაახლოებით ორი კვირის წინ ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქემ უხანი 19 იანვარს დატოვა,  თბილისში კი, დღეს დუბაიდან ჩამოვიდა.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ,  რომ პაციენტი კლინიკაში მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაიყვანეს. შემოწმებისას მას აეროპორტში მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა. 

ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ რაც საჭირო კვლევები ჩატარდება და ანალიზი ლაბორატორიაში გაიგზავნება, დადგინდება, აქვთ თუ არა ვირუსი პაციენტებს.