საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედდა

საქართველოში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედდა. ცვლილება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შევიდა.

ცვლილების თანახმად, სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის ნაწილში ითვლება, რომელთა მიმართ მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით არის დადგენილი.

ახალი სააგენტოს ზედამხედველობას დაექვემდებარება ისეთი  სამშენებლო მასალები ,როგორებიცაა მაგალითად, არმატურა, ცემენტი და ელექტროკაბელები.

სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს მასალის თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში კი ბაზრიდან საფრთხის შემცველი პროდუქციის ამოღება უზრუნველყოს .

განმარტებითი ბარათის თანახმად, კოდექსის მანამდე მოქმედი რედაქციით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემას და ზედამხედველობას, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირებას და პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებდა ერთი და იგივე ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

თუმცა, უწყების ცნობით,თავისი არსით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა და მშენებლობის ზედამხედველობა, ასევე ექსპლუატაციაში გაშვებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირება პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისგან არსებითად განსხვავდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, იმისთვის, რომ  პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა განახორციელოს სხვა სსიპ-მა, საკანონმდებლო ცვლილება გახდა საჭირო .

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ახალი სსიპ-ისთვის 1 200 000 ლარია  გათვალისწინებული. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის კი ასიგნება 1 638 000 ლარამდე შემცირდა.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში 2020 წლისთვის 45 საშტატო ერთეული (ნაცვლად დღეს არსებული 62-ისა) არის გათვალისწინებული, ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში − 35 საშტატო ერთეული.