ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს დაესწრო.
ჟვანიას სკოლამ 15 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგია წარადგინა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ჟვანიას სკოლამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, გაზარდა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გეოგრაფიული არეალი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა. სულ გადამზადდა ეროვნული უმცირესობის 4 000-მდე წარმომადგენლი.
,,დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დავესწარი. ჟვანიას სახელობის სკოლას დიდი წვლილი შეაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების საქმეში. 2019 წელს 5 სოფელში ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფი გაიხსნა, რომელშიც 127 მსმენელი ირიცხება. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გაცნობიერებული ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა და მასთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.