მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილი გახდა ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მოკლა. მამაკაცს ჭრილობა გულმკერდისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო – ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით თანასოფლელს, სხეულის დაზიანება მიაყენა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.