“შეცვალეს” წევრებმა ნაგვის ურნაზე დეპუტატების ფოტოები გააკრეს

მოძრაობა „შეცვალეს” წევრები , დედაქალაქის საკრებულოსთან, აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა წარმომადგენლობით ორგანოსთან, ნაგვის ურნა მიიტანეს. მათ ურნაზე საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ.

„ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

“შეცვალეს” წევრების მოთხოვნაა, დეპუტატები საკრებულოდან გარიცხონ, ასევე, მათ დატოვონ მმართველი პარტიის რიგები.

24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.